უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით 5-6 ნოემბერს და 17-18 დეკემბერს განხორციელდა მოკლევადიანი უსგ პროგრამა: “კარდიოპულმონური რეანიმაცია გადაუდებელი მდგომარეობების დროს”.
თანამედროვე მედიცინის ერთ ერთი მთავარი პრობლემა გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა და გულის გაჩერებაა. კარდიოპულმონარული რეანიმაციის (CPR) სწავლება წარმოადგენს უკიდურესად აქტუალურ მიმართულებას თანამედროვე ჯანდაცვაში, რადგან გულის გაჩერება რჩება სიკვდილის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, ხოლო გადარჩენა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია პირველივე წუთებში ჩატარებულ სწორ და დროულ დახმარებაზე. სასწავლო კურსი უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალის მომზადებას გულის გაჩერების სწრაფი ამოცნობისთვის, მაღალი ხარისხის პროფესიონალიზმით გულმკერდის კომპრესიების დასაწყებად და დეფიბრილატორის სწორად გამოყენებისთვის, რაც ამცირებს სიკვდილიანობას, ზრდის გადარჩენის შანსებს და აძლიერებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დონეს.
უნივერსიტეტმა ითავა ამ პროგრამის განხორციელება რათა აამაღლოს სამედიცინო პერსონალის გაცნობიერება გულფილტვის რეანიმაციის თანამედროვე სტანდარტებში.
პროგრამა განხორციელდა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს, უნივერსიტეტ გეომედის აუდიტორიებში.
პროგრამა აკრედიტებულია სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ 2025 წლის 23 ოქტომბრის N16 სხდომის გადაწყვეტილებით (აკრ. N 1188) და მინიჭებული აქვს I ტიპის 12 უპგ ქულა.
პროგრამის ავტორები და პედაგოგები:
ნინო ოთარიშვილი, მედიცინის დოქტორი, უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორი.
ალექსანდრე ლოლაძე, მედიცინის დოქტორი, უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორი.














