აკადემიურ, ადმინისტრაციულ და საყოფაცხოვრებო საკითხებზე სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ უნივერსიტეტის სტუდენტთა სერვის ცენტრს, სადაც მათ კვალიფიციური სპეციალისტები კონსულტაციას გაუწევენ ქართულ და ინგლისურ ენებზე. აქ მათ შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია სტუდენტთა უფლება-მოვალეობების, ეთიკის კოდექსის, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი, სამეცნიერო კონფერენციების, სხვადასხვა პროექტებისა თუ ღონისძიებების შესახებ.
სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა
სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს უნივერსიტეტში ელექტრონულ ურთიერთკავშირს ადმინისტრაციას, პედაგოგსა და სტუდენტს შორის. ის სტუდენტს აძლევს საშუალებას ნახოს პირადი მონაცემები, სასწავლო ბარათი, საგანმანათლებლო პროგრამები, სასწავლო ცხრილი, ნიშნების ფურცელი, დავალებები, ისარგებლოს უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკის რესურსებით და სხვა. სისტემით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან ინტერნეტში ჩართული სხვადასხვა მოწყობილობით.
მობილობა
მობილობის უფლება ეძლევა სტუდენტს უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლებიდან ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი. მობილობა დასაშვებია წელიწადში ორჯერ – შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში. დეტალურად მობილობის წესების და პროცედურების შესახებ იხილეთ ბმულზე: მობილობის წესი და პროცედურები. მას შემდეგ, რაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან სტუდენტი მოიპოვებს მობილობის უფლებას, განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტს მის მიერ განსაზღვრულ ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტი კარგავს შესაბამის ფაკულტეტზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას.
შიდა მობილობა
შიდა მობილობა გულისხმობს სტუდენტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლას უნივერსიტეტის შიგნით აკადემიური განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. შიდა მობილობის უფლება სტუდენტს ეძლევა სწავლების ერთი სემესტრის დასრულების შემდეგ. შიდა მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ და სტუდენტმა დადგენილ ვადაში განცხადებით უნდა მიმართოს რექტორს. შიდა მობილობით სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას სტუდენტის სწავლის საფასური განისაზღვრება მობილობით არჩეულ პროგრამაზე მისი უნივერსიტეტში ჩარიცხვის პერიოდისათვის დადგენილი გადასახადით.