ცხადდება ღია კონკურსი საგრანტო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად

შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის სამეცნიერო ფონდი აცხადებს ღია კონკურსს საგრანტო  სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის მიმართულებით,  შემდეგი პირობებით:

I. მოთხოვნები გრანტის წარმდგენის მიმართ

1. საგრანტო კონკურსში სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხელმძღვანელის სტატუსით მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც:

ა) არის დოქტორის აკადემიური (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის მქონე ახალგაზრდა მეცნიერი (ხარისხი მინიჭებული აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ბ) არ არის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების აფილირებული აკადემიური პერსონალი;
გ) არ არის სხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი.

2. პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 36 თვეს.
3. პროექტის წლიური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.
4. პროექტის ხელმძღვანელი ვალდებულია წარმოადგინოს მისი და პროექტში ჩართული სხვა პერსონალის CV-ები  (სამეცნიერო შრომები, კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა).
5. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხელმძღვანელმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება სამეცნიერო ფონდის საკოორდინაციო საბჭოს სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად უნივერსიტეტის ელ.ფოსტაზე:  info@geomedi.edu.ge , დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი  (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო  ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) შევსებული „სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განაცხადის ფორმა“ (დანართი 2).

II. მოთხოვნები გრანტის მიმღების მიმართ

  1. გამარჯვებული პროექტი შესაძლებელია განხორციელდეს უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე.  დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შეძენილი ხელსაწყო/დანადგარები, რეაქტივები/სახარჯი მასალა და  პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა შენაძენი, პროექტის დასრულების შემდეგ რჩება უნივერსიტეტის საკუთრებაში.
  2. დაფინანსებული პროექტის ფარგლებში უნდა გამოქვეყნდეს არანაკლებ ორი კვლევის მონაცემებზე დამყარებული ტიპის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად გამოცემებში, რომლებიც ინდექსირებულია PubMed-ის ბაზაში.
  3. სტატი(ებ)ის გამოქვეყნებისას შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი უნდა იყოს მითითებული ერთადერთ დაწესებულებად (გამონაკლისად დაიშვება დამატებით სხვა დაწესებულების მითითებაც, თუ პროექტის ფარგლებში ხორციელდება კოლაბორაცია საგანმანათლებლო/კვლევით დაწესებულებასთან).
  4. გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში მითითებული უნდა იყოს, რომ კვლევა შესრულდა  „შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით“.
  5. პროექტის ფარგლებში მიღებული ინტელექტუალური საკუთრება რჩება უნივერსიტეტს.
  6. პროექტის ხელმძღვანელმა პროექტის მიმდინარეობისას უნდა წარმოადგინოს კვარტალური ანგარიშები, პროექტის შესრულების ეტაპები დროში პროექტის ბიუჯეტის მიხედვით.
  7. პროექტის დაფინანსების უწყვეტობა დამოკიდებული იქნება წარმოდგენილ ანგარიშებზე.

III. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შეფასების კრიტერიუმები

კრიტერიუმებიქულა
1კვლევით პროექტში მიმოხილული ლიტერატურა უახლესია და სრულყოფილია0-10
2გამოსაყენებელი მეთოდები შეესაბამება პროექტის მიზნებს0-10
3  პროექტის ხელმძღვანელს და პროექტში ჩართულ სხვა პერსონალს აქვთ წარმოდგენილი პროექტის განსახორციელებლად შესაბამისი გამოცდილება0-10
4მოსალოდნელი შედეგების პრაქტიკული ან/და თეორიული ღირებულება0-10
5პროექტის ბიუჯეტი რეალისტურია0-10

IV. ექსპერტთა ჯგუფის მიერ მინიმუმ 40 ქულით შეფასებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტი ეგზავნება სამეცნიერო ფონდის საკოორდინაციო საბჭოს გამარჯვებულის გამოსავლენად.
გამარჯვებული პროექტი ფინანსდება და იდება ხელშეკრულება პროექტის ხელმძღვანელთან.

V. სამეცნიერო ფონდის საკოორდინაციო საბჭო ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

VI. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დასრულებამდე I პუნქტის, 1 ქვეპუნქტის  „ბ“ და „გ“ პუნქტების დარღვევის შემთხვევაში, უნივერსიტეტის სამეცნიერო ფონდის  საკოორდინაციო საბჭო  იტოვებს უფლებას შეწყვიტოს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაფინანსება.

VII. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის  30  მარტს.

VIII. დოკუმენტაციის  წარმოდგენის  ვადა განისაზღვროს 2022 წლის 02 მაისიდან  13 მაისის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე;

IX. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2022 წლის 30 მაისს.

ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 599 53 06 80

მიმაგრებული ფაილები:
დანართი 1
დანართი 2


Facebooktwitterpinterestlinkedinmail