ეთიკის კოდექსი

სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ეთიკის კოდექსი
(ცვლილება შევიდა ბრძანება №65, 20.06.2011წ. საფუძველზე)

I. პრეამბულა

სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი ავტონომიური უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ახორციელებს უმაღლესი განათლების პროგრამებს. საქართველოს კონსტიტუციის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.
ეთიკის კოდექსი აღწერს უნივერსიტეტის ეთიკურ პრინციპებსა და სტანდარტებს, რომლის სრულფასოვანი დაცვა და შესრულება უმაღლესი სასწავლო დაწესებულების წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
უნივერსიტეტმა თავის არსებობის პერიოდში შესძლო დაემკვიდრებინა კონკურენტუნარიანი, მაღალ ღირებულებებსა და ფასეულობებზე ორიენტირებული სასწავლებლის სახელი.
წინამდებარე დოკუმენტი ითვალისწინებს სახელმძღვანელო პრინციპებს შესაძლო ეთიკური პრობლემების მოგვარებისათვის. იგი განკუთვნილია როგორც თანამშრომლების, ისე სტუდენტებისათვის და არეგულირებს უნივერსიტეტის ნებისმიერი სახის საქმიანობას. უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს ეთიკური სტანდარტებითა და პრინციპებით მისი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში.
უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები და სტუდენტები ვალდებულნი არიან იმოქმედონ ეთიკური პრინციპების შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში ადეკვატური ზომები იქნება გატარებული ნებისმიერი არაეთიკური ქმედების წინააღმდეგ.

II. ეთიკის კოდექსის დანიშნულება და გამოყენება

ეთიკის კოდექსი აღწერს უმაღლესი სკოლის ეთიკურ პრინციპებსა და სტანდარტებს, ადგენს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის, ასევე სტუდენტების ქცევის სტანდარტებს უმაღლესი სკოლის ღირებულებების, კანონმდებლობისა და მარეგულირებელი წესების შესაბამისად. სთავაზობს სახელმძღვანელო პრინციპებს შესაძლო ეთიკური დილემის მოგვარების მიზნით.
ეთიკის კოდექსი გამოყენებულ უნდა იქნეს უმაღლესი სკოლის მიერ მიღებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად. მისი განახლება მოხდება რეგულარულად. ეთიკის კოდექსი არ შეიცავს ყველა შესაძლო ეთიკურ პრობლემას. მისი მიზანია ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს მიაწოდოს ის სახელმძღვანელო პრინციპები, რომელთა საშუალებითაც ისინი შეძლებენ იმოქმედონ ეთიკური სტანდარტების შესაბამისად.

III. ეთიკის პრინციპები და სტანდარტები

1) აკადემიური პერსონალი
უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი და სხვა თანამშრომლები თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობენ ეთიკური ნორმებით. მათი საქმიანობა უნდა იყოს პატიოსანი და კეთილსინდისიერი, სისტემატურად უნდა იმაღლებდნენ კვალიფიკაციას და პროფესიონალიზმს; უნდა დაიცვან საუნივერსიტეტო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობა. თავი უნდა შეიკავონ უნივერსიტეტის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისაგან.
– ვალდებულნი არიან პატივი სცენ სტუდენტებს, დაიცვან სტუდენტების აკადემიური თავისუფლება და ხელი შეუწყონ მათ პროფესიულ ზრდას;
– პროფესორ-მასწავლებლები ვალდებულნი არიან პატივისცემით მოეპყრონ სტუდენტებს და გაუწიონ მათ აკადემიური და ინტელექტუალური ხელმძღვანელობა;
– აკადემიური პერსონალის საქმიანობა და სტუდენტებთან ურთიერთობა დამყარებული უნდა იყოს მაღალაკადემიურ და ეთიკურ სტანდარტებზე; თითოეული ლექციისათვის ისინი უნდა მოემზადონ მაღალ დონეზე და შეეცადონ გაზარდონ სტუდენტების მოტივაცია მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები და პოტენციალი;
– აკადემიურმა პერსონალმა უნდა შექმნას ყველა საჭირო პირობა პატიოსანი და აკადემიური გარემოს არსებობისათვის. მის მიერ შემუშავებულ უნდა იქნას სწავლების ისეთი მეთოდები, საშინაო დავალებისა და შეფასების სისტემა, რომლებიც წაახალისებს სტუდენტების აკადემიურ პატიოსნებას;
– აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა საფუძვლიანად უნდა შეიმუშაონ სალექციო კურსების თემატიკა და სტრუქტურა. პერიოდულად მოახდინონ მათი განახლება შესაბამის სფეროში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად;
– აკადემიური პერსონალი ვალდებულია სასწავლო პროცესი წარმართოს უმაღლესი სკოლის მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმის შესაბამისად;
– აკადემიურ პერსონალს ეკრძალება სხვისი ინტელექტუალური შრომის შედეგის ტექსტის, იდეის, კონცეფციის, ნებისმიერი სახის მონაცემების მითვისება და გავრცელება ავტორის მიუთითებლად (პლაგიატი).
– აკადემიურ პერსონალს ეკრძალება საკუთარი ნაშრომის განმეორებით გამოყენებ ორიგინალური წყაროს მიუთითებლად (თვითპლაგიატი).
– აკადემიურ პერსონალს ეკრძალება მონაცემების, ინფორმაციის ან ციტატების გაყალბება აკადემიურ ნაშრომში (ფალსიფიკაცია).
– სტუდენტების შეფასების პროცესში აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა უნდა იმოქმედონ სამართლიანობისა და ობიექტურობის პრინციპების შესაბამისად. მათ მიერ მიცემული შეფასება დაფუძნებული უნდა იყოს მხოლოდ აკადემიურ მოსწრებაზე და არა პიროვნულ მახასიათებლებზე, როგორიცაა: სქესი, რელიგია, რასობრივი კუთვნილება, პიროვნული ღირებებულები, პოლიტიკური კუთვნილება და სხვა;
– აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა სტუდენტებს უნდა მიაწოდონ სრული ინფორმაცია შეფასების სისტემის შესახებ. მათი მხრიდან არ უნდა იქნას ჩადენილი ისეთი ქმედება, რაც რომელიმე სტუდენტს ჩააყენებს სხვებთან შედარებით ხელსაყრელ ან პრივილიგირებულ მდგომარეობაში. სტუდენტების შეფასება უნდა მოხდეს მხოლოდ მათი მიღწევებისა და შესაძლებლობების საფუძველზელე;
– აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ ისეთ საქმიანობაში ჩართვისა თუ ვალდებულებების აღებისაგან, რაც ხელს შეუშლის მათი საუნივერსიტეტო მოვალეობის სრულფასოვნად განხორციელებას;
– აკადემიურმა პერსონალმა დანიშნულებისამებრ და ეფექტიანად უნდა გამოიყენოს უნივერსიტეტის შენობა, ტექნიკა, აღჭურვილობა და სხვა რესურსები საუნივერსიტეტო საქმიანობის სრულად განსახორციელებლად;
– აკადემიური პერსონალის წარმომადგენელს არ აქვს უფლება მიიღოს და განიხილოს მისი რომელიმე კოლეგის კრიტიკა სტუდენტების მხრიდან. ასეთ შემთხვევაში მან უნდა მოუწოდოს სტუდენტებს მიმართონ უშუალოდ კრიტიკის ობიექტს ან ფაკულტეტის დეკანს;
– აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები პატივისცემით და სამართლიანად უნდა მოეპყრონ ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს და მათ საქმიანობას უმაღლეს სკოლაში.

2) ადმინისტრაციული პერსონალი
– ადმინისტრაციული პერსონალის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ეთიკის მაღალ სტანდარტებს, კეთილსინდისიერებას და პატიოსნებას. ხელს უწყობდეს საზოგადოებაში უნივერსიტეტის სახელისა და ავტორიტეტის განმტკიცებას;
– ადმინისტრაციული პერსონალის მოვალეობაა უნივერსიტეტში შექმნას სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობისა და პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი მორალური, ფინანსურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო გარემო;
– ადმინისტრაციული პერსონალი პატივს უნდა სცემდეს უნივერსიტეტს და მის ტრადიციებს, თანამშრომლებს და სტუდენტებს მოეპყროს სამართლიანად და პატივისცემით;
– ადმინისტრაციის პერსონალი უნდა ემორჩილებოდეს უნივერსიტეტის მიერ დადგენილ წესებს, პროცედურებსა და არსებულ კანონმდებლობას;
– ადმინისტრაციის პერსონალის წარმომადგენელს არ აქვს უფლება მიიღოს საჩუქარი, ან თანხა უნივერსიტეტის თანამშრომლებისაგან, სტუდენტებისაგან ან სხვა დაინტერესებული პირისაგან;
– ადმინისტრაციული პერსონალი უნდა დაემორჩილოს უმაღლესი სკოლის მიერ დადგენილ მარეგულირებელ წესებს, პროცედურებს და შესაბამის კანონმდებლობას;
– ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს შორის არსებული სამსახურეობრივი ურთიერთობები უნდა იყოს პროფესიონალური და ეთიკური. მიუღებულია ანონიმური წერილები, დაუსაბუთებელი (ან თუნდაც დასაბუთებული) განცხადებები და კომენტარები კოლეგის სამსახურებრივი საქმიანობის და პირადი ცხოვრების შესახებ.

3) სტუდენტები
3.1უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი თანაბრად სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით მისთვის მინიჭებული უფლებით.
ა) სტუდენტი იზიარებს უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ ღირებულებებს და იცავს ამ კოდექსით დადგენილ წესრიგს;
ბ) სტუდენტი აღიარებს უნივერსიტეტის უფლებას, ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, განიხილოს მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი და ამასთან იღებს ვალდებულებას შეასრულოს ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.
3.2. სტუდენტისათვის შეუფერებელ და არაეთიკურ ქცევად ჩაითვლება:
ა) სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის ხელის შეშლა (ლექციაზე ხმაური, მობილური ტელეფონით სარგებლობა, დერეფანში აურზაური და სხვა);
ბ) მოწევა საამისოდ ნებადართული, ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;
გ) ალკოჰოლური სასმელების შემოტანა, გავრცელება და/ან გამოყენება, აზარტული თამაშები;
დ)ინვენტარით სარგებლობის წესის დარღვევა (მერხებზე წარწერების გაკეთება, კომპიუტერების, ლაბორატორიული მოწყობილობების, სასწავლო ავეჯისა და ინვენტარის დაზიანება);
ე) უნივერსიტეტის ტერიტორიის დანაგვიანება, შენობის იერსახის დამახინჯება, ნარგავების დაზიანება;
ვ) დისციპლინური ღონისძიებების გატარების საკითხის აღძვრისათვის უფლებამოსილი პირის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა;
ზ) ბილწსიტყვაობა;
თ) ნარკოტიკული და/ან ფსიქოტროპული საშუალებების შემოტანა, გავრცელება და/ან გამოყენება;
ი) ისეთი ფეთქებადი და აალებადი ნივთებისა და ნივთიერებების შემოტანა და/ან გავრცელება, რომლებიც ხანძრის და/ან აფეთქების რეალურ საფრთხეს ქმნიან;
კ) ძალადობა, ფიზიკური და/ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება სხვა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლებისათვის;
ლ) სტუდენტისათვის შეუფერებელ და არაეთიკურ ქცევად ჩაითვლება აკადემიური სიყალბე (გადაწერა სხვა სტუდენტის ნამუშევრიდან, სხვა პირის ნამუშევრის საკუთრად წარმოჩენა, კვლევითი სამუშაოების ინფორმაციის გაყალბება, პლაგიატი და სხვა);
მ) სხვა სტუდენტის ნაცვლად გამოცდის ჩაბარება ან სხვა პირის შეგზავნა გამოცდის ჩასაბარებლად. სხვა სტუდენტის ნამუშევრის მოპარვა, განადგურება, შეცვლა, შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე ზეწოლით;
3.3. ეთიკის საერთო და აკადემიურ პროცესთან დაკავშირებული წესების დარღვევის ფაქტებზე სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების საკითხის აღძვრა შეუძლია უნივერსიტეტის აკადემიურ და პედაგოგიურ საქმიანობაში ჩართულ ნებისმიერ პირს, ასევე, ადმინისტრაციის ნებისმიერ თანამშრომელს.
3.4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შესაძლებელი სანქციები:
ა) სტუდენტს შეიძლება მიეცეს ზეპირი გაფრთხილება;
ბ) სტუდენტმა შეიძლება მიიღოს წერილობითი გაფრთხილება პირად საქმეში შეტანით;
გ) სტუდენტს შეიძლება შეუჩერდეს უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრების უფლება;
დ) შეიძლება შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი;
ე) 3.2. პუნქტის “თ”, “ი” და “კ” ქვეპუნქტების დარღვევის შემთხვევაში, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სხვა დასჯადი ქმედების ჩადენისას, უნივერსიტეტი დაუყონებლივ მიმართავს პოლიციას;
ვ) 3.2. პუნქტის “ა”, “ბ”, “გ”, “დ”, “ე”, “ვ” და ”ზ” ქვეპუნქტის დარღვევის შემთხევაში სტუდენტს მიეცემა წერილობითი გაფრთხილება პირად საქმეში შეტანით. სამჯერ გამეორების შემთხვევაში სტუდენტს სტატუსი უწყდება.

4) დისციპლინური კომისია
დისციპლინური კომისია იქმნება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე და მასში შედიან:
ა) უნივერსიტეტის რექტორი;
ბ) იმ ფაკულტეტის დეკანი ,სადაც სწავლობს სტუდენტი (შესაძლებელია სხვა ფაკულტეტის წარმომადგენლის მოწვევაც)
გ) სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail