უნივერსიტეტ გეომედის დელეგაციამ, რექტორის მოადგილის, პროფესორ ალექსანდრე ლოლაძის და სტუდენტთა ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ქალბატონი ეკატერინე-მადონა ბუაძის შემადგენლობით, ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა KIMS Hospitals-ის (Krishna Institute of Medical Sciences) ხელმძღვანელობასთან საერთაშორისო, აკადემიური და კლინიკური თანამშრომლობის განხილვის მიზნით.
ვიზიტის ფარგლებში გეომედის დელეგაცია შეხვდა KIMS Hospitals-ის დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს (CMD, Executive Director) ბატონ ადვიკ ბოლინენის, ასევე KIMS Hospitals-ის სამეთვალყურეო საბჭოსა და მენეჯმენტის გუნდის წევრებს.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო უნივერსიტეტ გეომედსა და KIMS Hospitals-ს შორის თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებების განსაზღვრა, განსაკუთრებით სამედიცინო განათლებისა და კლინიკური სწავლების სფეროებში.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად განიხილებოდა გეომედის მედიცინის პროგრამის სტუდენტებისათვის KIMS Hospitals-ში კლინიკური პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა. მსგავსი თანამშრომლობა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მქონე ჰოსპიტალურ გარემოში და გაეცნონ პაციენტის მოვლის, კლინიკური პრაქტიკისა და მულტიდისციპლინური გუნდური მუშაობის თანამედროვე მიდგომებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს უნივერსიტეტ გეომედის კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის მექანიზმები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინდოეთში სამედიცინო კარიერის გაგრძელებითა და პროფესიული განვითარებით. აღნიშნული მიმართულება მოიცავს სამედიცინო განათლებიდან პროფესიულ საქმიანობაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებულ კონსულტაციებს.













